18. თებერვალი 2019

ჰაიდელბერგცემენტმა კასპის სკოლის მოსწავლეები დაასაჩუქრა

სასკოლო ჩანთა, პენალი, გაკვეთილების ცხრილი, ქართულის, მათემატიკისა და სახატავი რვეულები, კალამი, საშლელი, სათლელი, უბრალო და ფერადი ფანქრები,   ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლითაც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტმა“  ქ. კასპის ყველა სკოლის პირველკლასელი დაასაჩუქრა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სასკოლო ნივთები პირადად გადასცეს.

„უკვე მესამე წელია,  ქ.კასპის ხუთი სკოლის (I,  II, III, IV საჯარო სკოლები და ბესიკ ნიპარიშვილი მრავალპროფილიანი გიმნაზია,) ყველა პირველკლასელს სასკოლო ნივთებით ვასაჩუქრებთ. სამი წლის წინ გაჩენილი იდეის ხორცშესხმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადავწყვიტეთ. წელს საჩუქარი 9 პირველი კლასის 191-მა მოსწავლემ მიიღო. სიმბოლურად დასაჩუქრდნენ კლასის დამრიგებლებიც.  საერთო ჯამში, სამი წლის განმავლობაში, სასკოლო ნივთები ჩვენგან 574-მა პირველკლასელმა მიიღო. კომპანია ამ ტრადიციას არც მომავალში უღალატებს და ქ. კასპის პირველკლასელებს საჭირო ნივთებით სწავლის დაწყებისთანავე მოამარაგებს“.- აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობითვის,  „ჰაიდელბერგცემენტი“ გლობალურ ბაზარზე სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია, რომლის მფლობელობაში 60 ქვეყანაში განთავსებული 3000 საწარმო შედის.  საქართველოში კომპანია 2006 წლიდან მოღვაწეობს (ფლობს 3 ცემენტის ქარხანას კასპსა და რუსთავში, ცემენტის ტერმინალს ფოთში და ცემენტის წისქვილს სუფსაში). „ჰაიდელბერგცემენტს“ დღემდე 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მსოფლიოს მასშტაბით - 63 000,  საქართველოში კი 1200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.