25. მაისი 2017
ქართული ცემენტის ბაზრის ფარული ტესტირების პირველადი შედეგები
25 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ცემენტის ასოციაციის მესამე პრეს კონფერენცია გაიმართა, სადაც შეფუთული ცემენტის ანონიმური ტესტირების პირველადი შედეგები გამოვლინდა. პრესკონფერენციას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
საქართველოს ცემენტის ასოციაციამ (GCA), საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის პირველი ფარული ტესტირება დაასრულა. აპრილის დასაწყისში, GCA-ს დაკვეთით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შვილობილმა კომპანია საქექსპერტიზამ სხვადასხვა ადგილობრივი მწარმოებლის 25 ცემენტის ტომარა ფარულად შეისყიდა. თითო ცემენტის ტომრიდან აღებულ იქნა 5 ნიმუში. თითოეული სინჯი დაილუქა, მიენიჭა შესაბამისი კოდი და ნუმერაცია, რათა შემმოწმებელ ლაბორატორიებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია პროდუქციის წარმომავლობის შესახებ.25 სატესტო სინჯის ერთი კომპლექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიას გაეგზავნა შესამოწმებლად. ანალოგიურად დალუქული და კოდირებული კომპლექტები გაეგზავნა საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრი კომპანიების აკრედიტებულ ლაბორატორიებს პარალელური ტესტირებისთვის. სინჯების მეხუთე ნაკრები სათადარიგოდ იქნა შენახული, საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ტესტირებისათვის.
მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდა ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში, რომლის შედეგიც 25 მაისს პრეს კონფერენციაზე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. აკრედიტებული ლაბორატორიის ტესტირების შედეგად, 25 სატესტო სინჯიდან, მხოლოდ 8 ნიმუშმა (მათ შორის, GCA-ს წევრთა 6-მა პროდუქციამ და 2-მა დანარჩენმა) გადალახა ზღვარი, რომელთა ხარისხი ევროპული EN სტანდარტის შესაბამისი აღმოჩნდა. 14-მა ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტმა ვერ გადალახა ბარიერი, მათში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 18.35 მპა, ტესტირება ასევე ვერ გაიარა ე.წ. იმპორტულმა პროდუქციამ, სომხური და ირანული შეფუთვით.
აღნიშნული ტესტირების სრული პროცესი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შვილობილი კომპანია შპს ,,საქექსპერტიზა’’ ზედამხედვლობით განხორციელდა.
საქართველოს ცემენტის ასოციაცია 2017 წელს დაფუნძდა. ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან კომპანია ჰაიდელბერგცემენტი და კავკაზ ცემენტი/GBG. თუმცა ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადგილობრივი მწარმოებელი, რომელსაც ექნება სურვილი და მზაობა დააკმაყოფილოს ასოციაციის წესდებაში მითითებული წევრობისათვის საჭირო კრიტერიუმები.