18. თებერვალი 2019
54 ქვეყანა და 2720 მონაწილე - „თბილისიმარათონის“ შთამბეჭდავი შედეგები
54 ქვეყანა, 2720 მონაწილე და 78 280 ლარი ბენეფიციარს - “ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ ორგანიზებული „თბილისიმარათონი 2018“ რეკორდული შედეგებით დასრულდა. 7 წლის წინ ჩამოყალიბებული ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისა და ქველმოქმედების იდეების ტანდემი წელსაც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: ღონისძიების ფარგლებში სტარტი 1954-მა ადამიანმა აიღო, ბავშვთა გარბენში კი 500 ბავშვი მონაწილეობდა.
„წელს ძალიან საინტერესო თბილისიმარათონის მონაწილე გახლდით. სტარტზე შთამბეჭდავი რაოდენობის ადამიანი ვიხილე. ქალაქში გამოსული გულშემატკივრები კი დამატებით მუხტს აძლევდნენ მორბენლებს. მე-8 ადგილზე გავედი. ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს ცდის, ყველა ბოლომდე იხარჯება. შეჯიბრის პროცესში უმეტესობა ძალიან მოტივირებულია, ყველა საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას ცდილობს და ეს ძალიან შთამბეჭდავია. იმედს ვიტოვებ, რომ მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად მოიმატებს. მით უმეტეს, როდესაც ხალხი კიდევ მეტად გაიაზრებს, რომ ამით არა მარტო ჯანსაღი წესის პროპაგანდა, არამედ საქველმოქმედო ღონსძიებაც ხორციელდება. თითოეული მონაწილე კი, რეგისტრაციის წუთიდან, ამ ქველმოქმედების მონაწილე ხდება“ - აღნიშნა „თბილისიმარათონის“ ერთ-ერთმა მონაწილემ, გიგა ძულიაშვილმა.
საოცარი სანახაობა იყო ქალაქის ისტორიულ, ძველ უბანში ათასობით მორბენალი ადამიანის ხილვა, სხადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა და ათასგვარი სიურპრიზი. განსაკუთრებულად საინტერესო კი ეს ყველაფერი ტურისტებისთვის აღმოჩნდა. მათ შეძლეს და სხვადასხვა სანახაობის ფონზე, ერთ დღეში შემოირბინეს ძველი თბილისი.
„ღონისძიება შესანიშნავად იყო ორგანიზებული. სარეგისტრაციო თანხა მხოლოდ 15 ლარი იყო და ამასთან ერთად, საჩუქრად მაისური და ჩანთაც მივიღე, ასევე გადმომეცა სარბენი ნომერი ჩიპით, რომელიც გარბენის დროს ონლაინრეჟიმში ითვლის. ფინიშის გადაკვეთისთანავე მივიღე მოკლე ტექსტური შეტყობინება სადაც ჩემი გარბენის დრო და მოლოცვა იყო დაფიქსირებული. გადმომეცა მედალი! გარბენის შემდეგ ორგანიზატორები უფასო იზოტონიკებით, ლუდით, ჰოთდოგით და პასტით გაგვიმასპინძლდენ. სარბენ მარშრუტზე 5 ადგილი შეგხვდა, სადაც სხვადასხვა ბენდები სპეციალურად მორბენლებისთვის არაჩვეულებრივ მუსიკას უკრავდნენ. ერთი სიტყვით - ყოჩაღ! გაგვამხნევეს, მხარი დაგვიჭირეს და გარბენმაც ძალიან სასიამოვნოდ და სწრაფად ჩაიარა. კიდევ მინდა!“ - განაცხადა სპეციალურად თბილისიმარათონისთვის ჩამოსულმა მონაწილემ ტატიანა პავლოვამ.
ღონისძიების მიმდინარეობითა და შედეგებით კმაყოფილები არიან ორგანიზატორებიც:
„ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევეცადეთ, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაგვეტარებინა ღონისძიება, გაგვეთვალისწინებინა ყველა წვრილმანი, არ გამოგვპარვოდა არცერთი საორგანიზაციო დეტალი და მგონი, ეს გამოგვივიდა. ზოგადად, ასეთი ტიპის ღონისძიებები ქველმოქმედებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებასაც და ეს ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია. როგორც უკვე აღინიშნა, რეგისტრაციიდან შემოსულმა თანხამ 45,475 ლარი შეადგინა. ჩვენ ტრადიციულად, გავაორმაგებთ იმ მონაწილეების თანხას რომლებმაც სტარტის ხაზი გადაკვეთეს და წლევანდელ ბენეფიციარს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ორიენტირებულ ორგანიზაციას - „პირველ ნაბიჯს“ გადავცემთ“ - განაცხადა თბილისიმარათონის პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ ჯინჯიხაძემ.
ყველა მონაწილე, რომელმაც ფინიშის ხაზის გადაკვეთა მედლით დაჯილდოვდა და ონლაინ სერთიფიკატი გადაეცა. დაფინიშების მომენტში გადაღებული ვიდეომასალის ნახვა „თბილისიმარათონის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ „თბილისიმარათონი ყოველწლიური, მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებასა და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. მასში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მორბენლებიც.