18. თებერვალი 2019
„ჰაიდელბერგცემენტი“ კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტს ასრულებს
კასპში „ჰაიდელბერგცემენტის“ ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს. კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხობს, რაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას განაპირობებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, პროექტი სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად ევროპული სტანდარტის ფილტრების და ემისიების მუდმივი მონიტორინგის აპარატურის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობას გააკონტროლებს.
„პროექტს რამდენიმე დიდი სარგებელი ექნება: ბევრად უფრო ეფექტური წარმოება გაცილებით ნაკლები ენერგოდანახარჯებით ტონა კლინკერზე; მაღალი ენერგოეფექტურობის ხარისხი; გაზრდილი წარმადობა (3000 ტონა კლინკერი დღეში, რაც კასპში არსებული ყველა ღუმელის ერთად აღებულ წარმოებაზე მეტია); კლინკერის ხარისხის ავტომატური კონტროლი და მართვის ცენტრალიზებული სისტემა“ - განაცხადა ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა სადუნიშილმა.
აღსანიშნავია, რომ კლინკერის მშრალი მეთოდით წარმოება გაცილებით ენერგოეფექტურია სველი მეთოდით წარმოებასთან შედარებით. ძირითადი ეკონომია მიიღება სველის ნაცვლად, ნედლეულის მშრალი სახით მომზადებითა და გამოწვით, რაც ნედლეულიდან წყლის აორთქლებაზე თბური ენერგიის ხარჯს გამორიცხავს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მშრალი მეთოდი 60%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. შესაბამისად, ნაკლებია ნამწვი აირების გაფრქვევაც ატმოსფეროში. პროექტი ევროპული სტანდარტის ფილტრების და ემისიების მუდმივი მონიტორინგის აპარატურის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს, რომლის მეშვეობით მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობა გაკონტროლდება.
კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის ზედამხედველობაზე დღეს ოფიციალურად სრული სამუშაო დროით 26 ინჟინერია დასაქმებული, თუმცა ეს რაოდენობა არ არის ფიქსირებული და იცვლება საჭიროებიდან გამომდინარე. ქვეყნის გარეთ, დისტანციურად, პროექტში, დაახლოებით, 50 ინჟინერია ჩართული.
„ეს ფაქტი პროქტის მაღალი სტანდარტებით შესრულებას უზრუნველყოფს, რაც შემდგომში საწარმოს მაღალი ეფექტურობის გარანტიას იძლევა. ახალი ტექნოლოგიების წარმოდგენის გარდა, პროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის - ის გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციას“- განმარტავს პროექტის მენეჯერი ირაკლი სადუნიშვილი.
კასპში „ჰაიდელბერგცემენტის" ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მთავრობის მეთაურმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქარხნის მართვის ცენტრი დაათვალიერა და ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობის პროცესით დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ კასპის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მისთვის 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნა გამოყოფილი. ახალი საწარმოო ხაზი წარმოებას 2018 წლის დეკემბერში დაიწყებს. პროექტის დასრულება კი 2019 წლის მარტისთვისაა დაგეგმილი. პროექტი ხორციელდება საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და ჰანიველ პარტნერსის მხარდაჭერით.