18. თებერვალი 2019
ჰაიდელბერგცემენტის მოდერნიზებული კასპის ცემენტის ქარხნის და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ცერემონიალი
2019 წლის 8 თებერვალს, მოდერნიზებული კასპის ცემენტის ქარხნის და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ბერნდ შაიფელე, ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი დოქტორი ალბერტ შოიერი, გერმანიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი ჰუბერტ კნირში, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ჰანიველ პარტნერსის დირექტორი ირაკლი რუხაძე და მედიის წარმომადგენლები.
კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხობს, რაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას და წარმადობის ზრდას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და ჰანიველ პარტნერსის მხარდაჭერით განხორციელდა.
ჰაიდელბერგცემენტის შესახებ
ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ცემენტის წარმოების ბაზრის ლიდერია. ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების მიმართულებით. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 59000 თანამშრომელია დასაქმებული.
ჰაიდელბერგცემენტმა საქართველოში ბიზნეს აქტივობები 2006 წელს დაიწყო. ბიზნესის განვითარების 12 წლიანი უწყვეტი პროცესის შედეგად, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოში 3 ინტეგრირებული ცემენტის ქარხნით არის წარმოდგენილი (კასპსა და რუსთავში), ასევე ფლობს ცემენტის საწარმოს ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. კომპანიის კუთვნილი ქარხნების წარმადობა საქართველოში 2 მლნ ტონას აჭარბებს წელიწადში და გამოირჩევა მაღალი ხარისხით.
ცემენტის არსებულ საწარმოს საქართველოს ბაზარზე პოზიციებს უმყარებს საკუთარი, 13 ბეტონის ქარხნისგან შემდგარი ქსელი, რომელიც ჯამში წლიურად 800.000 მ³ ბეტონს აწარმოებს. თავის მხრივ, ბეტონის წარმოებისთვის ქვიშისა და ინერტული მასალების მიწოდება ნაწილობრივ უზრუნველყფილია ბათუმსა და თბილისში განთავსებული ინერტული მასალების მწარმოებელი ქარხნებით.