25. ოქტომბერი 2017
თბილისიმარათონი 2017 - შედეგები!
ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი - თბილისიმარათონი 2017 წლის 22 ოქტომბერს, უკვე მეექვსედ გაიმართა. ღონისძიებამ კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს მიაღწია და მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
თბილისიმარათონმა კვლავაც თბილისის ცენტრალური უბნები მოიცვა - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტა ქალაქის ისტორიული ქუჩები. 2017 წელს ჩატარდა 3 გარბენი:
- ნახევარმარათონი (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 20 ლარი;
- 10 კილომეტრიან გარბენი - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი;
- ბავშვთა გარბენები (6-11 წლამდე - 500მ და 12-15 წლამდე - 1კმ) - უფასო რეგისტრაცია.
თბილისიმარათონის რეგისტრაციიდან შემოსული თანხა ჰაიდელბერგცემენტმა ტრადიციისამებრ გააორმაგა და „კასპის შშმ პირთა კავშირს“ სოციალური საწარმოს მოსაწყობად გადასცა.
შესაბამისად, ღონისძიების თითოეული მონაწილე ქველმოქმედი გახლდათ!
რიგით მეექვსე ნახევარმარათონის გამარჯვებული მამაკაცი დავით ხარაზიშვილი გახდა, რომელმაც მარშრუტი 01:06:53 საათში დაფარა, ხოლო ქალებს შორის ფინიშის ხაზი პირველად ვალენტინა პოლტავსკამ 01:26:06 საათში გადაკვეთა. 10 კმ-იან გარბენზე გამარჯვება მოიპოვეს ანდრეი სტრიჟაკოვმა, 00:31:18 საათიანი შედეგით და თინათინ პაპუაშვილმა, რომელმაც მანძილი 00:41:39 საათში გაირბინა.
შეგახსენებთ, რომ თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. თბილისიმარათონი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.
ღონისძიება ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს, მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. „თბილისიმარათონზე“, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 2500-ზე მეტ მონაწილეს ველით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.